endTB პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები იწყებენ კლინიკურ კვლევას, რომლის მიზანია ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერის ყველაზე გამძლე შტამებთან ბრძოლა

April 18, 2017
Nurses prepare patients’ treatments in the pharmacy of the ambulatory ward at the National Centre for Tuberculosis and Lung Disease in Georgia’s capital, Tbilisi.
პრეს-რელიზი, 6 მარტი, 2017

თბილისი (საქართველო) – „ექიმები საზღვრების გარეშე“-მ („ესგ“), “პარტნიორებმა ჯანმრთელობისთვის“ და სხვა წამყვანმა სამედიცინო ორგანიზაციებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი კლინიკური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გამომწვევი ყველაზე გამძლე შტამების მკურნალობაში გარდატეხის შეტანას. ტუბერკულოზი შედის იმ წამყვან ინფექციურ დაავადებათა შორის, რომელიც იწვევს უამრავი ადამიანის სიკვდილს მსოფლიოში ყოველწლიურად. გასულ კვირას პირველი პაციენტი ჩაერთო ამ კვლევაში და დაიწყო მკურნალობა.

აღნიშნული კვლევა არის UNITAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, სახელად endTB, მისი მიზანია დააჩქაროს და გაზარდოს წვდომა უფრო ეფექტური და ხანმოკლე მკურნალობის მიმართ ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტებში. აღნიშნული 4-წლიანი კვლევა, რომლის ღირებულება შეადგენს 60 მილიონ აშშ დოლარს, ხორციელდება „პარტნიორების ჯანმრთელობისთვის“ (PIH),  „ექიმები საზღვრების გარეშე“-ს (MSF) და „ინტერაქტიული კვლევისა და განვითარების“ (IRD) მიერ სამი კონტინენტის 15 ქვეყანაში. 

ბოლო ათწლეულების მანძილზე ამ სფეროში არსებითი წინსვლისა და ცვლილებების არარსებობამ შედეგად მოიტანა ის, რომ ტუბერკულოზმა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით გაუსწრო ისეთ დაავადებას, როგორიცაა შიდსი, შეიწირა რა 1.8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გლობალურად გასულ წელს. ტუბერკულოზთან დაკავშირებულ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს დაავადების გამომწვევი შტამები, რომლებიც არ ემორჩილება მკურნალობას, ვინაიდან გამძლეა იმ ძირითადი ანტიობიოტიკების მიმართ, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ტუბერკულოზის მკურნალობისას.  ტუბერკულოზის ეს ფორმები ცნობილია მულტირეზისტენტული (MDR-TB) და ზემდგრადი ტუბერკულოზის (XDR-TB) სახელით. მსოფლიო მარცხდება ტუბერკულოზის რეზისტენტულ ფორმებთან ბრძოლაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოკრძალებული შეფასებების მიხედვით, ყოველწლიურად ახალ შემთხვევათა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და ამჟამად, ეს ციფრი ნახევარ მილიონზე მეტს აღემატება.     

ვინაიდან ეს შტამები ისეთივე გადამდებია როგორც ჩვეულებრივი ტუბერკულოზი, მაგრამ გაცილებით რთულია მათი მკურნალობა, ისინი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას ბევრ ქვეყანაში.  მულტირეზისტენტულ  და ზემდგრად ტუბერკულოზს ხშირად უწოდებენ „ფრთიან ებოლას“, ვინაიდან ამჟამად ტუბერკულოზის აღნიშნული ფორმების განკურნების მაჩვენებელი იგივეა როგორც ებოლას შემთხვევაში და ამასთანავე, დაავადება ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით.

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ხანგრძლივია (24 თვემდე), არაეფექტურია (წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს) და ხშირად იწვევს მძიმე გვერდით ეფექტებს მწვავე ფსიქოზისა და მუდმივი სიყრუის ჩათვლით. მკურნალობის მანძილზე პაციენტებს უკეთდებათ მტკივნეული ყოველდღიური ინექციები და უწევთ 14,000-მდე აბის მიღება. უფრო მეტიც, ხარჯებთან დაკავშირებული სირთულეები და ამჟამინდელი მკურნალობის ხანგრძლივობა ართულებს პაციენტებისთვის მკურნალობის რეჟიმის დაცვას ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებში.  

ამ პრობლემის გადასაჭრელად მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში გამოყენებული იქნება ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი მედიკამენტები, რომელთა წარმოება პირველად მოხდა ბოლო 50 წლის მანძილზე, ეს მედიკამენტებია: ბედაქილინი და დელამანიდი და ამ კვლევის მიზანია  არსებითად ხანმოკლე (9 თვე), არასაინექციო, უფრო მეტი ამტანობის მქონე მკურნალობის რეჟიმების პოვნა და დანერგვა რეზისტენტული ტუბერკულოზისთვის. (ახალი მედიკამენტები მიიღება კომბინირებულად ექსპერიმენტულ ახალ სამკურნალო რეჟიმებში ტუბსაწინააღმდეგო სხვა პერორალურ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა კლოფაზიმინი, ლინეზოლიდი, ფთორქინოლონები და  პირაზინამიდი).

დღესდღეობით MDR-TB პაციენტების მხოლოდ 10%-ს შეუძლია ქონდეს   წარმატებულ მკურნალობაზე წვდომის იმედი და 2%-ზე ნაკლებს აქვს წვდომა ბედაქილინსა ან დელამანიდზე. კლინიკური კვლევის საშუალებით გაიზრდება ბედაქილინისა და დელამანიდის გამოყენების შესახებ მტიცებულებებზე დამყარებული მონაცემები, განსაკუთრებით უფრო ეფექტური და გამარტივებული მკურნალობის რეჟიმებთან მიმართებაში, რომელთა დანერგვა იქნება გაცილებით მარტივი რესურსებით ღარიბ და ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე  ქვეყნებში. აღნიშნული რეჟიმების წარმატების შესახებ მტკიცებულებები ამ რეჟიმების განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერასთან ერთად მნიშვნელოვნად გააფართოვებს წვდომას ახალ წარმატებულ მკურნალობაზე.

ვიმედოვნებთ რომ endTB პროექტის ფარგლებში 2600 MDR-TB პაციენტი ჩაერთვება ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობაში და 750 პაციენტი თანხმობას განაცხადებს კლინიკურ კვლევაში მონაწილეობაზე ექვს ქვეყანაში: საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლესოტო, პერუ და სამხრეთ აფრიკა. ყველა ეს ქვეყანა ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელშიც endTB პროექტის პარტნიორები დახმარებას უწევს და მონაწილეობს MDR-TB მკურნალობასთან დაკავშირებული ადგილობრივი აქტივობების გახორციელებაში.

„ესგ“-ის მიერ დაფინანსებულ კვლევას მხარდაჭერა აქვს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექსპერტებისგან, ეპიცენტრისა და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტისგან. კლინიკური კვლევის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს  ჯანდაცვის სამინისტროსთან და ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამასთან, ასევე ჯანმო-თან და ეთიკის საბჭოებთან.   

ეს არის მეორე კლინიკური კვლევა, რომლის სპონსორია „ექიმები საზღვრების გარეშე“. პირველი კვლევა TB PRACTECAL დაიწყო უზბეკეთში 2017 წლის იანვარში.

ექიმმა ფრანსის ვარენმა (endTB კლინიკური კვლევის მთავარი თანამკვლევარი და „ესგ“-ს ტუბერკულოზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი) განაცხადა:

 „მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დააავადებულ პაციენტებს ხშირად აქვთ შიში მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთივე როგორც თავად  ამ დაავადებასთან მიმართებაში.  ისინი კარგავენ ენერგიას, შესაძლებელია დაუქვეითდეთ  სმენა და მხედველობა და ცხოვრების რიტმს აჩერებენ დაახლოებით ორი წლით“.

 „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში MSF-ის მიერ განხორციელებული ტუბერკულოზის პროექტებზე მრავალწლინი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია თამამად განვაცხადო რომ ბოლო პერიოდში აღიარებული ორი ახალი მედიკამენტი, ბედაქილინი და დელამანიდი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ახალი რეჟიმების შემუშავების პროცესში, ამ მედიკამენტებს შეუძლიათ შეცვალონ MDR-TB პაციენტების ცხოვრება. ორივე მედიკამენტმა აჩვენა იმედისმომცემი შედეგები, როდესაც მათი დამატება მოხდა სტანდარტულ, ხანგრძლივ და ცუდი ამტანობის მქონე  MDR-TB მკურნალობაში, ჩვენ გვაქვს ცოტა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მედიკამენტების მაქსიმალური ათვისება და გამოყენება.

შემდგომი კვლევის გარეშე, ჩვენ შორს ვერ წავალთ და პაციენტებს დარჩებათ ერთიდაიგივე პრობლემები“

ექიმმა კაროლ მიტნიკმა -endTB კლინიკური კვლევის მთავარი თანამკვლევარი, „პარტნიორები ჯანმრთელობისთვის“ და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, სადაც ის არის ასოცირებული პროფესორი- განაცხადა:

 ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა MDR-TB პაციენტებისათვის, მას შემდეგ რაც „პარტნიორებმა ჯანმრთელობისთვის“ აჩვენა ამ დაავადების მკურნალობის ეფექტურობა ღარიბი რესურსების მქონე პირობებში. თუ შევძლებთ რომ შევქმნათ ეფექტური, მოკლე ვადიანი მკურნალობა ინექციის გარეშე, ეს დიდ გარდატეხას მოახდენს  MDR-TB პაციენტების მკურნალობაში.

 PIH-მა და MSF-მა ერთობლივად უზრუნველყვეს სტრუქტურების, რესურსების, მკურნალობის, მტკიცებულებებისა და მიდგომების გაფართოება  ტუბერკულოზთან და სხვა კომპლექსურ დაავადებებთან მიმართებაში, რომლებიც აავადებს ღარიბ ადამიანებს. endTB კლინიკური კვლევა წარმოადგენს ამ ორ ორგანიზაციას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის ბუნებრივ გაგრძელებას, რომლის მთავარი პრიორიტეტია ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალი ხარისხის ინტერვენციებზე იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ამას საჭიროებენ მათი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციების მიუხედავად.  

პროფესორმა ზაზა ავალიანმა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თბილისი, საქართველო განაცხადა:

 საქართველოში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის  ახალი ალტერნატივები წარმოადგენს დიდ ფუფუნებას პაციენტებისთვის და  ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. მხოლოდ კვლევის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი, რაც გულისხმობს ყველაზე ეფექტური, ამტანი და უსაფრთო კომბინაციების აღმოჩენასა და დანერგვას“.

 „არა მხოლოდ პაციენტები, არამედ ექიმებიც დიდ იმედებს ამყარებენ ახალ მკურნალობაზე. ეს არის ჩვენი შანსი, რომ ვიყოთ მეტად თავდაჯერებული ათეულობით წლების უიმედობის შემდეგ და ვიხელმძღვანელოთ  დევიზით:  „ტუბერკულოზი იკურნება“.  

რობერტ მატირუმ, UNITAID-ის აღმასრულებელმა დირექტორმა  განაცხადა:

 „UNITAID-ის ძირითადი ამოცანაა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ცხოვრების გაუმჯობესება, რაც ასევე მოიცავს ბოლო პერიოდის ძალისხმევას დააჩქაროს ხელმისაწვდომობა უფრო ეფექტური, ხანმოკლე და უკეთესი MDR-TB მკურნალობის მიმართ. ჩვენი გეგმა მოიცავს ამ ცვლილებების გაგრძელებას და მნიშვნელოვანი სამუშაოს მხარდაჭერას,  რაც უზრუნველყოფს MDR-TB მკურნალობის ტრანსფორმაციას, რეზისტენტობის გამოწვევის გამკლავებას და საბოლოოდ განკურნების მაჩვენებლის მატებას.   

endTB პარტნიორების შესახებ

endTB (ტუბერკულოზისთვის ახალი მედიკამენტების ბაზრის გაფართოება) პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ხანმოკლე, ნაკლებად ტოქსიური და უფრო ეფექტური მკურნალობა MDR-TB პაციენტებისათვის ორი ახალი მედიკამენტის გამოყენებით, რომელთა წარმოება პირველად მოხდა ბოლო 50 წლის მანძილზე, ეს მედიკამენტებია ბედაქილინი და დელამანიდი. 

პროექტი ხორციელდება 15 ქვეყანაში და ის წარმოადგენს პარტნიორულ თანამშრომლობას „პარტნიორებს ჯანმრთელობისთვის“, „ექიმები საზღვრების გარეშე“-ს და „ინტერაქტიულ კვლევასა და განვითარებას“ შორის, პროექტის სპონსორია   UNITAID.  

Epicentre, ჰარვარდის სამედიცინო სკოლა და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი არის endTB კლინიკურ კვლევის პარტნიორები.  უფრო მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.endTB.org

ექიმები საზღვრების გარეშე და ტუბერკულოზი

 „ექიმები საზღვრების გარეშე“ (MSF) არის საერთაშორისო სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია. ის ებრძვის ტუბერკულოზს უკვე 30 წელზე მეტია და აღიარებულია როგორც ტუბერკულოზის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო პროვაიდერი მსოფლიოში. ამჟამად ის მკურნალობს ტუბერკულოზით და რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს 24 ქვეყანაში ინდოეთის, ცერნტრალური აფრიკის რესპუბლიკის, სამხრეთ აფრიკისა და უზბეკეთის ჩათვლით. MSF ასევე მუშაობს ჯანდაცის სამინისტროებთან 12 ქვეყანაში და ჩართულია ახალი მედიკამენტებით მკურნალობის მართვის პროცესში და ატარებს ორ კლინიკურ კვლევას   (endTB-ის ჩათვლით) პარტნიორებთან ერთად, რათა დანერგოს ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობის რეჟიმები. MSF აგრეთვე არის 3P პროექტის დამფუძნებელი პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს კვლევის ახალ ინიციატივას, რომელიც მუშაობს ტუბერკულოზის ახალი მკურნალობის განვითარებაზე.

ტუბერკულოზის საკითხებზე MSF-ს მიერ განხორციელებული საქმიანობებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით გთხოვთ იხილოთ TB Briefing Paper

პარტნიორები ჯანმრთელობისთვის და ტუბერკულოზი

„პარტნიორები ჯანმრთელობისთვის“ არის საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ღარიბ და სამედიცინო სერვისებით არასაკმარისად უზრუნველყოფილ თემებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების შექმანასა და მათ მდგრადობის შენარჩუნებაში. დაიწყო რა პირველად საქმიანობა ჰაიტში 1987 წელს, ორგანიზაციამ დღემდე მოიცვა 7 მილიონი მოსახლეობა და ასაქმებს 18,000 ადამიანს 15,000 ადგილობრივი თემის სამედიცინო პერსონალის ჩათვლით. ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება მკურნალობის თემზე-ორიენტირებულ მიდგომას, რასაც შედეგად მოსდევს განკურნების მაღალი მაჩვენებლები და წარუმატებელი მკურნალობის დაბალი რიცხვი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ტუბერკულოზისა და შიდსის შემთხვევაში.  ის მონაწილეობას იღებს endTB კლინიკურ კვლევაში პერუში, ლესოტოსა და ყაზახეთში და შემოაქვს ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი მედიკამენტები ხუთ ქვეყანაში.  იხილეთ დეტალები საიტზე: www.pih.org

 

UNITAID

UNITAID ცდილობს სწრაფად შესაძლებლობის ფარგლებში იპოვოს ახალი და უფრო ეფექტური გზები შიდსის,  ტუბერკულოზისა და მალარიის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ის ირჩევს ეფექტურ იდეებს და ახორციელებს მათ პრაქტიკაში, რაც ეხმარება სამი დაავადების დამარცხების პროცესში. UNITAID-ს, რომელიც დაფუძნდა 2006 წელს ბრაზილიის, ჩილეს, საფრანგეთის, ნორვეგიის და გაერთიანებული სამეფოს მიერ, დიდი წვლილი შეაქვს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დამარცხების საქმეში. უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ: www.unitaid.org

PIH MSF MSF UNITAID